,,საოლქო კომისიებში საჩივრების განხილვის სტანდარტი მკვეთრად გაუარესდა’’
,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ინფორმაციით, საოლქო კომისიებში საჩივრების განხილვის სტანდარტი მკვეთრად გაუარესდა.
არასამთავრობო ორგანიზაციამ 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კენჭისყრის დღის, ხმის დათვლის პროცესისა და არჩევნების შემდგომ პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში 127 საჩივარი წარადგინა. ორგანიზაციის ცნობით, 15 საჩივარი დაკმაყოფილდა, 13 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 40 არ დაკმაყოფილდა და 18 საჩივარი განუხილველად დატოვეს.
,,სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ერთი საჩივარი თავად ორგანიზაციამ მოხსნა, რამდენიმე საჩივარი კი, რომლითაც მოთხოვნილია კომისიის წევრებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება, ჯერ ისევ განხილვის ეტაპზეა.
,,საჩივრების უმეტესობაში დაყენებული იყო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების გამო. რამდენიმე შემთხვევაში მოთხოვნილი იქნა კენჭისყრის შედეგების გადასინჯვა და შედეგების ბათილობა, საიდანაც არცერთი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული მოთხოვნები დავაყენეთ ძირითადად ისეთ შემთხვევებში, რომლის დროსაც შემაჯამებელი ოქმში გადასწორებული იყო მონაცემები; არ დგებოდა ბალანსი, კერძოდ, სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობა აღმატებოდა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას. წარდგენილი საჩივრებიდან 36 ეხება შემაჯამებელი ოქმების არასათანადოდ შევსებას, როდესაც ოქმში არასწორადა ან საერთოდ არ არის მითითებული სათანადო რეკვიზიტი, მაგალითად, ოქმის შედგენის თარიღი და დრო, კომისიის ბეჭდის ნომერი და სხვა; 9 საჩივარი ეხება იმ საარჩევნო უბნებს, სადაც სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობა აღემატება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას, ხოლო 14 საჩივარი – შემაჯამებელ ოქმებში მონაცემების გადაკეთებას/გადასწორებას. საოლქო კომისიები მაქსიმალურად ცდილობენ ნებისმიერი არგუმენტით თავი აარიდონ არათუ კენჭისყრის შედეგების გადასინჯვას, არამედ საუბნო კომისიის წევრებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასაც. მსგავსი პრაქტიკა ბოლო წლებში არჩევნებზე დაფიქსირებული ტენდენციის გაგრძელებაა, რამაც საპრეზიდენტო არჩევნებზე კიდევ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო და განმტკიცდა. ასეთი მიდგომა შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მიზანმიმართულად ცდილობს ყველა მეთოდის გამოყენებით, გაამართლოს ნებისმიერი სახის დარღვევა.
ამ ფონზე, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო დავების განხილვის სტანდარტი გაუარესდა. უფრო მეტიც, საარჩევნო ადმინისტრაციის დაჟინებული მცდელობა არ დააკმაყოფილოს საჩივრები და კანონმდებლობის დამრღვევ კომისიის წევრებს არ დააკისროს პასუხისმგებლობა მთლიანად აზრს უკარგავს საჩივრების წარდგენას და არჩევნების შემდგომ საჩივრების განხილვის პროცესს.
მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას, მეორე ტურის კენჭრისყრის დღეს და მის შემდეგ წარდგენილი საჩივრების განხილვისას გაითვალისწინოს გამოვლენილი პრობლემები, მოახდინოს საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ დარღვევებზე ეფექტური რეაგირება და არ წაახალისოს საარჩევნო დარღვევები საარჩევნო კომისიის წევრთათვის პასუხისმგებლობის არიდებით’’,- აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.