გელა სამხარაული – კახეთში აღმასრულებელ ხელისუფლებაში ცვლილებებს არ გამოვრიცხავ
თელავისა და ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი კახეთის რეგიონში აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პარტიაში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს.
გელა სამხარაული არ აკონკრეტებს, რა მიმართულებით განხორციელდება ცვლილებები.
„კახეთის რეგიონში როგორც პარტიაში, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ გამოვრიცხავ ცვლილებებს. ვფიქრობ, რომ ეს ჩვეულებრივი, ბუნებრივი მოვლენაა. ჩვენ ყოველთვის წინ უნდა წავიდეთ. ახალი კადრების მოზიდვა, ახალგაზრდების ჩართულობა, თანამედროვე ხედვები არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ არის რომელიმე მიმართულებით სუსტი რგოლი, ცხადია უნდა გადაიხედოს და უფრო გაძლიერდეს, უფდრო კვალიფიციური ადამიანები უნდა დასაქმდნენ და უფრო ეფექტური მართვა განხორციელდეს. როდესაც ვამბობ, რომ შესაძლოა აღმასრულებელ ხელისუფლებაში ცვლილებები განხორციელდეს, კონკრეტულად მერებს არ ვგულისხმობ. მერები არჩეულები არიან 4 წლის ვადით და არავის არ აქვს ბერკეტი, რომ ამ მიმართულებით ცვლილება განახორციელოს. როდესაც მოსალოდნელ ცვლილებებზე ვსაუბრობ, გამოვდივარ იმ მოცემულობიდან, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში“, – განაცხადა გელა სამხარაულმა.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი ახმეტის საარჩევნო ოლქში დამარცხდა. სალომე ზურაბიშვილმა კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა 33.25%-მა (4497 ხმა) დაუჭირა მხარი, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 45.99% (6620 ხმა) მიიღო. თელავის საარჩევნო ოლქში კი ზურაბიშვილზე საკუთარი არჩევანი შეაჩერა კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა 32.79%-მა (9383 ხმა), ხოლო გრიგოლ ვაშაძეს კი 50.12%-მა (14 341 ხმა) მისცა ხმა.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი