დუისის საარჩევნო უბნის დამკვირვებელი ზეწოლაზე საუბრობს
ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ დუისის საარჩევნო უბნის დამკვირვებელი, ირმა ბაღაკაშვილი მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.
ბაღაკაშილის ინფორმაციით, მას დუისის ადმინისტრაციულ ერთეულში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა თამარ მარგოშვილმა უჩივლა.
მისი თქმით, საქმე ეხება ბიულეტენზე დატანილ წარწერას, რომლის ფოტოც მან არჩევნების დღეს გადაიღო და შემდგომ ის სოციალურ ქსელში გაავრცელა.
,,საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციის მხრიდან ვიყავი წარდგენილი, ფოტოს გამო მიჩივლეს და კახეთის სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე დამიბარეს. მკითხეს, ფოტო ვინ გადაიღო და ბიულეტენზე იმ წარწერის ავტორი ვინ იყო. რაც არ უნდა მოხდეს, მე ჩემს საქმიანობას მაინც გავაგრძელებ’’,- განაცხადა ,,რუსთავი 2“-თან საუბრისას ბაღაკაშვილმა.
სოფელ დუისის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული თამარ მარგოშვილი აღნიშნულ ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ ის ირმა ბაღაკაშვილს საერთოდ არ იცნობს.
knews.ge აღნიშნულ საკითხზე დეტალების გასარკვევად ინფორმაციის მიღებას ახმეტის მერისგან ცდილობს, თუმცა იოსებ ქარუმაშვილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.