დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიამ არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა
დედოფლისწყაროს მე-14 საოლქო საარჩევნო კომისიამ 6 საჩივარი განიხილა, თუმცა არც ერთი მათგანი არ დააკმაყოფილა.
დედოფლისწყაროს საოლქო კომისიის თავმჯდომარის, ნინო მჭედლიშვილის განცხადებით, ერთ-ერთ საჩივარში მოძრაობის “სახელმწიფო ხალხისთვის” დამკვირვებელი ითხოვდა მე-10 საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას, თუმცა კომისიამ მიიჩნია, რომ ეს მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.
“სულ 6 საჩივარი იყო შემოსული. მოძრაობის “სახელმწიფო ხალხისთვის” წარმომადგენელი საჩივარში ითხოვდა, რომ მე-10 უბნის შედეგები გაბათილებულიყო, რადგან დაახლოებით 5 კონვერტში ბიულეტენთან ამავე დროს იყო ნახატები ჩადებული და მხოლოდ ერთ კონვერტში იყო მოთავსებული ასევე საარჩევნო ბარათი, სადაც ამომრჩევლის სახელი და გვარია მითითებული. საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ამით მარტივი იყო პიროვნების იდენტიფიკაცია, რითიც ირღვევა ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი, თუმცა ყველა ასეთ ბიულეტენში სხვადასხვა საარჩევნო ნომერი იყო შემოხაზული. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ნახატებისა და ასევე ერთ ბიულეტენში საარჩებნო ბარათის ჩადებით ხმის მიცემის ანონიმურობა არ დარღვეულა. დანარჩენი საჩივრები ეხებოდა პროცედურულ დარღვევებს, თუმცა მათი განხილვისას გამოიკვეთა, რომ ეს დარღვევა არ იყო”, – განუცხადა knews.ge-ს ნინო მჭედლიშვილმა.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი