“სიღნაღში საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე ამომრჩევლებზე ზეწოლა მიმდინარეობს”
,,სიღნაღში საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები დაფიქსირდა“, – ამის შესახებ ინფორმაცია knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელმა აკაკი ჯიყაშვილმა მიაწოდა.
მისი თქმით, მმართველი პარტიის მხარდამჭერები უბნის გარე პერიმეტრზე დგანან და ყველა ამომრჩეველს აიძულებენ ხმა, სალომე ზურაბიშვილს მისცენ.
,,სიღნაღის ყველა საარჩევნო უბის მიმდებარე ტერიტორიაზე სალომე ზურაბიშვილის აგიტატორები, ამომრჩევლებს აჩერებენ და თითქმის ერთსა და იმავე ფრაზას ეუბნებიან: “ხომ იცი ვინ უნდა შემოხაზო, აბა შენ იცი”. აღნიშნულ პირებს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, რომელმაც ვარანაირი შედეგი არ გამოიღო. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ძირითადად ასაქმებენ ადგილობრივებს სოფლის მეურნეობის სამუშაოებზე’’,- აღნიშნა აკაკი ჯიყაშვილმა.
საარჩევნო უბნებთან პარტიული აქტივისტების და ე.წ. „კოორდინატორების“ მობილიზებაზე საუბრობენ ,,სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” აგიტატორები ამომრჩევლებს უბანში შესვლამდე ხვდებიან და მათ ხელთ არსებულ სიებში აღრიცხავენ.
,,განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საარჩევნო უბნებთან პარტიული აქტივისტების და ე.წ. „კოორდინატორების“ მობილიზება, რომლებიც ამომრჩევლებს საუბნო კომისიებში შესვლამდე ხვდებიან და მათ ხელთ არსებულ სიებში აღრიცხავენ. ადგილი აქვს არასათანადო კომუნიკაციის ფაქტებს, მათ შორის, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა დააფიქსირეს პარტიული აქტივისტების მხრიდან აგიტაციისა და მოსული ამომრჩევლებისთვის მხარდამჭერების მოყვანის დავალების შემთხვევები. აღნიშნული წარმოადგენს ამომრჩეველზე ზეწოლასა და მისი ნების კონტროლს, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტებსა და კანდიდატებს, ასევე სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც მსგავს პრაქტიკას მიმართავენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საარჩევნო უბნების წინ ამომრჩეველთა ნებაზე ზეგავლენის მცდელობები’’,- განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
ავტორი: მაკა ხაზიური