მოსახლეობა პრეზიდენტს 6 წლის ვადით აირჩევს
28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები ბოლოჯერ გაიმართება, თუმცა სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, გამონაკლისის სახით, 6 წელი იქნება ქვეყნის მეთაური. კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, 2024 წელს ქვეყნის პირველ პირს მოსახლეობა პირდაპირი წესით ვეღარ აირჩევს. პრეზიდენტის შერჩევას მთავრობა 300 წევრიან საარჩევნო კოლეგიას მიანდობს.
,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ იურისტი თათია ქინქლაძე კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს აფასებს.
,,2024 წელს პრეზიდენტი ხალხის მიერ აღარ აირჩევა. წელს პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა იქნება 5-ის ნაცვლად 6 წელი. რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, გადავდივართ საპარლამენტო მმართველობის მოდელზე. კონსტიტუციიაში შეტანილი სიახლეებით, პრეზიდენტს ღია კენჭისყრით აირჩევს საარჩევნო კოლეგია 5 წლის ვადით. კომისია იქნება 300 წევრიანი, რომელთა შორისაც იქნებიან პარლამენტის წევრები. საარჩევნო კომისიის სხვა წევრებს კი საარჩევნო ადმინისტრაცია ორგანული კანონის შესაბამისად განსაზღვრავს‘’, – განუცხადა knews.ge-ს თათია ქინქლაძემ.
კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შევლენ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში არჩეული დეპუტატები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და პარლამენტის წევრები.
ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი