გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატები თელავსა და ახმეტაშიც დააზიანეს
თელავსა და ახმეტაში მოძრაობის “ძალა ერთობაშია” პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის პლაკატებზე წითელი საღებავით кгб მიაწერეს.
როგორც knews.ge-ს ნაციონალური მოძრაობის, კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ბოტკოველმა განუცხადა, ხელისუფლებამ იცის, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში დამარცხდება და ცდილობს გრიგოლ ვაშაძის დისკრედიტაციას.
“ეს არის შეშინებული ხელისუფლების ნამოქმედარი. ხალხისთვის არაფერი არ აქვთ სათქმელი და გრიგოლ ვაშაძისთვის იმიჯის შელახვას ცდილობენ. არაფერი არ გამოუვათ. სალომე ზურაბიშვილს არჩევნები აქვს წაგებული”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
ნაციონალური მოძრაობის ბრალდებას მმართველ გუნდში უპასუხეს. თელავში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ბენო გეგეჭკორი ხელისუფლების დავალებით ვაშაძის პლაკატების დაზიანების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
“ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანია სიყალბეზეა აგებული. ისინი მუდმივად დეზინფორმაციას ავრცელებენ. ჩვენ არავითვის დაგვივალებია, რომ ვაშაძის პლაკატებზე დაეწერათ кгб”, – აღნიშნა გეგჭკორმა.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი