ახალი ამბები

ყვარელში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატები დააზიანეს

ყვარლის მუნიციპალიტეტში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატები დააზიანეს.
როგორც knews.ge-ს ყვარელში ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა განუცხადა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სააგიტაციო მასალის დიდი ნაწილი უცნობმა პირებმა ჩამოხიეს, ნაწილზე კი წითელი საღებავით სიტყვა „მოღალატე“ მიაწერეს. როსტომ სესიაშვილი არ გამორიცხავს, რომ რომელი ოპოზიციური პარტიის დაკვეთა იყოს.
„პლაკატების ჩამოხევის ძალიან ხშირი შემთხვევებია. ჩვეულებრივი მოქალაქეები პლაკატებს ხშირად ყოველგვარი დაკვეთის გარეშე ხევენ, თუმცა არ მგონია, რომ პლაკატებზე წითელი საღებავებით სიტყვა „მოღალატე“ რომელიმე ადამიანმა თავისი ნებით დააწეროს. არ გამოვრიცხავ, რომ ეს რომელიმე პოლიტიკური ძალის დაკვეთით არის გაკეთებული“, – განაცხადა როსტომ სესიაშვილმა.
როგორც პირველ არხს „ქართული ოცნების“ ყვარლის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, როსტომ სესიაშვილმა განუცხადა, საარჩევნო პლაკატები უცნობმა პირებმა გვიან ღამით ჩამოხიეს.

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი