თელავში ავარიას 70 წლის ქალბატონის სოცოცხლე ემსხვერპლა
თელავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 70 წლის ქალბატონი გარდაიცვალა.
ფეხით მოსიარულეს რუსთაველის ქუჩაზე “ა კლასის მერსედესის” მარკის ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც ის გზის გადაკვეთას ცდილობდა. დაშავებული ქალბატონი თელავის საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ის ექიმებმა ვერ გადაარჩინეს.
„ჩვენ შევესწარით ავარიას. ჩემი აზრით, მძღოლის ბრალეულობა არ იკვეთება. ის გადაჭარბებული სისწრაფით არ მოძრაობდა“ – განუცხადეს knews.ge-ს თვითმხილველებმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. უწყების ცნობით, მძღოლი პოლიციის განყოფილებაში გუშინ გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
“სამართალდამცავები აგრძელებენ საგამოძიებო მოქმედებებს. მომხდართან დაკავშირებით უკვე დაინიშნა ექსპერტიზა, რომლის შედეგები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი”, – განუცხადეს knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი