ახალი ამბები

სოფელ ველისციხეს განაშენიანების რეგულირების გეგმა ექნება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეს განაშენიანების რეგულირების გეგმა ექნება. გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის თქმით, აღნიშნული გეგმა მოიცავს ველისციხის უბნების, საფეხმავლო და ერთმანეთთან დამაკავშირებელი ქუჩების, ველისციხის ბაზრის და ცენტრის განვითარების გეგმის შექმნას.

„არქიტექტორების ჯგუფი, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ გაიმარჯვეს ტენდერში, მუშაობენ ველისციხის განაშენიანების რეგულირების გეგმის შექმნაზე, რაც მოიცავს ველისციხის თითოეული უბნის, საფეხმავლო და ერთმანეთთან დამაკავშირებელი ქუჩების, ველისციხის ბაზრის და ცენტრის განვითარების გეგმის შექმნას. დაახლოებით 9 თვიანი სამუშაოების დასრულების შემდეგ კი უკვე დავიწყებთ მორიგ ეტაპს, რომელიც თითოეული სახლის არქიტექტურული ესკიზების დეტალების შექმნასა და რესტავრირებას გულისხმობს. ეს იქნება განახლებული სიცოცხლე ჩვენი მუნიციპალიტეტის ფარგლებში და მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ არაერთი სამუშაო ადგილი შეიქმნას და არაერთი ადამიანი დასაქმდეს ამ მოცემულობაში. ველისციხე გახდება საინტერესო და ტურისტული მიზიდულობის ცენტრი, არა მხოლოდ კახეთისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის და საერთაშორისო ტურისტებისთვის,“ – განუცხადა knews.ge-ს დავით სონღულაშვილმა.

knews.ge