თელავში 40 წლამდე მამაკაცს დენმა დაარტყა
თელავში 40 წლამდე მამაკაცმა დენის დარტყმის შედეგად ძლიერი დამწვრობა მიიღო. შემთხვევა სასტუმრო „ინტურისტის” შენობაში მოხდა, სადაც ამჟამად მისი დემონტაჟი მიმდინარეობს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მამაკაცი თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყავანა.
როგორც Knews.ge-ს საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, პაციენტს ადგილზე პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია, თუმცა რადგან მას სახის არეში ჰქონდა დაზიანება მიღებული, გადაწყდა დაშავებულის თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში გადაყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რომელიც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი