საგარეჯოში მე-11 კლასელი გოგონა საკუთარი სახლიდან მოიტაცეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 17 წლის გოგონა, სავარაუდოდ, 25 წლამდე ასაკის ბიჭმა საკუთარი სახლიდან მოიტაცა. შემთხვევა გუშინ საღამოს, დაახლოებით 6 საათზე მოხდა.
სამართალდამცავები და ახლობლები გოგონას ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.
“გუშინ, დაახლოებით 6 საათზე დაბრუნდა სკოლიდან. სახლში მამამისი და 12 წლის და იყვნენ. მამა გარეთ გასულა საქმეზე. გამტაცებელ 25 წლის ბიჭთან ერთად სხვებიც ყოფილან. ისინი თურმე ბაშვებს უთვალთვალებდნენ. შევარდნილან გოგონას სახლში და ისე მოიტაცეს. რამდენიმე ადამიანი შესულა სახლში და გამოუყვანიათ”, – განაცხადეს გატაცებული გოგონას მეზობლებმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რომელიც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ავტორი:ნათია დათუკიშვილი