თელავში DCFTA საკონსულტაციო ცენტრი მუშაობას განაგრძობს
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედია ცენტრი კახეთის“ ორგანიზებით, ორგანიზაციის ,,People in Need Georgia” პროექტის ფარგლებში, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრის მიზანს მცირე და საშუალო მეწარმეთა ინფორმირება წარმოადგენდა.
შეხვედრაზე მეწარმეებს ,,მედია ცენტრი კახეთის“ ბაზაზე გახსნილი DCFTA-ს საინფორმაციო რესურს ცენტრის მუშაობის შესახებ და ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხებთან დაკავშირებით არსებულ და მოსალოდნელ რეგულაციებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
პროექტის „რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ ამოცანაა ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA), ასევე მცირე და საშუალო ბიზნესებზე (SME) სახელმწიფო პოლიტიკის დანერგვის პარალელურად, პროექტი მიზნად ისახავს რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) შესაძლებლობების გაძლიერებას.
არასამთავრობო ორგანიზაციის ,,People in Need Georgia” წარმომადგენელი, პროექტის მენეჯერი ნანა ფერაძე აღნიშნავს, რომ მსგავსი შეხვედრები მიზნად ისახავს ფერმერების ინფორმირებას, თუ როგორ დაუახლოვონ თავიანთი წარმოება ევროკავშირის სტანდარტებს:
,,ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა გარდა იმისა, რომ ის არის ეკონომიკური განვითარების დიდი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩემთვის როგორც მომხმარებლისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მე მივიღებ სუფთა პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე.ამის შედეგად ფერმერების და მწარმოებლების უფლებები უფრო დაცული იქნება და მათი პროდუქციის ფალსიფიკაციის ალბათობაც მცირდება.
თელავში გამართულ შეხვედრაზეც განხილული იყო ის ფიტოსანიტარული სტანდარტები, რაც ძალიან მალე ამოქმედდება საქართველოში. ყველა ეს რეგულაცია, ერთი მხრივ, ფერმერებისთვის ართულებს გარკვეული საქმიანობის წარმოებას და მცირედით უფრო გაზრდის მათ ხარჯებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ მივიღებთ უფრო გამართულ ფერმერულ მეურნეობებს და უფრო ხარისხიან საკვებ პროდუქციას’’, – განუცხადა knews.ge-ს ნანა ფერაძემ.
საინფორმაციო რესურს-მაგიდა თელავში, ჭამჭავაძის 160 ნომერში მდებარეობს, სადაც ფერმერებს და სხვა დაინტერესებულ პირებს ცენტრის კონსულტანტები ადგილზე უწევენ საინფორმაციო მხარდაჭერას.