არასამთავრობოები – მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს, სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზებას ავალებდნენ
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და “სამართლიანი არჩევნების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რამდენიმე რეგიონში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ა(ა)იპ-ების დირექტორებს და მათ თანამშრომლებს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზებას ავალდებულებენ.
მესამე სექტორის ინფორმაციით, ა(ა)იპ-ის თანამშრომლებმა არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებთან საუბარში განაცხადეს, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების დავალებით, მათ ცარიელი ბლანკები გადაეცათ, რომელშიც თითოეულმა ათი მხარდამჭერის პერსონალური მონაცემები უნდა მიუთითოს.
ორგანიზაციების ცნობით, სიებს იმ მოტივით ადგენენ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვოს. არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებით, ისინი ამ ინფორმაციის დამადასტურებელ მტკიცებულებებსაც ფლობენ, თუმცა ა(ა)იპ-ებში დასაქმებული პირებისა და მათი ახლობელების შრომითი უფლებებისა და პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით ამ ეტაპზე არ ასაჯაროვებენ.
„საია-ს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ დამკვირვებლების ინფორმაციით, რამდენიმე რეგიონში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ა(ა)იპ-ების დირექტორებს და მათ თანამშრომლებს ავალდებულებენ, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზება მოახდინონ და პოტენციური მხარდამჭერების სია შესაბამის პირებთან გადააგზავნონ. ა(ა)იპ-ის თანამშრომლები ასევე აცხადებენ, რომ მსგავსი სიების შედგენას წინა ხელისუფლების დროსაც ავალებდნენ.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ:
1. მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირებსა და მმართველ პოლიტიკურ ძალას, საარჩევნოდ არ გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი;
2. საბიუჯეტო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს, უარი თქვან პარტიული ინსტრუქციების შესრულებაზე და მსგავსი ფაქტების არსებობის შემთხვევაში ღიად ისაუბრონ აღნიშნულის შესახებ,” – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.
ავტორი: მაკა ხაზიური