ახალი ამბები

ევროპის ფონდი – სურსათის უვნებლობის მიმართულებით კვლავ პრობლემებია

ევროპის ფონდმა თელავში სურსათის უვნებლობის საკითხებსა და ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ 2017 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ევროპის ფონდის პროგრამის თანაშემწე აცხადებს, რომ დოკუმენტში განხილულია ის პრობლემური სფეროები, სადაც ჯერ კიდევ არსებობს ხარვეზები რეფორმების განხორციელების, უფლებამოსილებათა გადანაწილების და სხვა მიმართულებებით.

ლელა ბერძულის თქმით, დოკუმენტი ასახავს მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ სრულად ფუნქციონირებადი სურსათის უვნებლობის სისტემის შესაქმნელად განხორციელებულ ღონისძიებებსა და შედეგებსაც. დოკუმენტი ასევე მოიცავს დასკვნების და რეკომენდაციების სრულ პაკეტს იმ უწყებებისთვის, რომლებიც რეფორმების განხორციელებაში მონაწილეობენ.
,,ევროპის ფონდი ევროინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ხელს უწყობს ევროინტეგრაციის სტანდარტებთან და ღირებულებებთან დაახლოების პროცესში მოსახლეობის ინფორმირებას და ჩართულობას. ჩვენ ამ პროცესში უკვე მეათე წელია ჩართულები ვართ. ევროპის ფონდი უკვე მეშვიდე წელია, რაც ამზადებს ანგარიშს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირების შესახებ. ის მოიცავს სახელმწიფოს მიერ ამ კუთხით გაწეული საქმიანობის ანგარიშს, რეფორმების დანერგვის და განხორციელების პროცესს, მიღწევებს და პრობლემებს. მზადდება რეკომენდაციები, რომლებიც შემდეგ წარედგინება შესაბამის უწყებებს. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმ ხარვეზებზე, სადაც მეტი მუშაობაა საჭირო. მაგალითად ერთ-ერთი პრობლემური საკითხია, როდესაც ახალი ნორმატიული აქტები მიიღება ისე, რომ წინასწარ ვერ ხერხდება დადგენა, რა სავარაუდო ფინანსური ზეგავლენა ექნება ამას როგორც სახელმწიფო ორგანოებისთვის აღსრულების მხრივ, ისე ბიზნესოპერატორებისთვის. კარგი იქნება, ეს წინასწარ განისაზღვროს’’,- განუცხადა Knews.ge-ს ლელა ბერძულმა.

ავტორები: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი