ახალი ამბები

წნორში ,,პენსიონერთა ასოციაცია” დაფუძნდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ,,პენსიონერთა ასოციაცია” დაფუძნდა, რომლის ერთ-ერთი მიზანი ხანდაზმულთა უნარ-ჩვევების ამაღლება და მათ სოციალურ და კულტურულ აქტივობებში ჩართვა იქნება. ასოციაცია თაობათა შორის დიალოგის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პრინციპზეა დაფუძნებული.
სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია ხანდაზმულ მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობა მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების გადაჭრის პროცესში. ილია ხატიაშვილის განცხადებით, იგი ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს.
,,როდესაც მოქალაქეთა ჩართულობაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობ არა მართულ ჯგუფს, რომელიც იკრიბება მხოლოდ იმისათვის, რომ მოისმინოს მისი ლიდერის უკვე მიღებული გადაწყვეტილება და დაამოწმოს ის, არამედ ურთიერთდაკავშირებულ და მოტივირებულ საზოგადოებას, რომელსაც შეუძლია თავად მიიღოს გადაწყვეტილება და ერთმანეთთან შეთანხმებით შეადგინოს სამოქმედო გეგმა კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად დადებითი და უარყოფითი მხარეების გაცნობიერებით. მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ჩართულობის პროცესის სრულყოფისათვის მზაობა არსებობდეს როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე თავად მოსახლეობის მხრიდანაც”,- განაცხადა ილია ხატიაშვილმა.

ავტორი: მაკა ხაზიური