სირიაში პანკისელების ოჯახი, მათ შორის 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა
სირიაში პანკისელების ოჯახის 34 წლის აღაზა ბორჩაშვილის, მისი მეუღლის, 36 წლის კახა ტოხოსაშვილი და მათი 8 წლის შვილის გარდაიცვალება დადასტურდა.
ჯოყოლოსა და ბირკიანში სამძიმრის მიღება დღეს, დილიდან დაიწყეს.
როგორც პანკისის სათემო რადიო WAY-ის ოჯახის ახლობლებმა უთხრეს, ცოლ-ქმრისა და მცირეწლოვანი ბიჭის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ მიიღეს, თუმცა ამ დრომდე არ იყო დადასტურებული. სირიიდან მიღებული ინფორმაციით, ოჯახის სამივე წევრი დაბომბვას ემსხვერპლა. ნაპოვნია ქალის პირადობის მოწმობა. გარდაცვალებისას აღაზა ბორჩაშვილი 8 თვის ორსული ყოფილა.
გამოცემის ცნობით, კახა (ოსმან) ტოხოსაშვილი სირიაში 4 წლის წინ წავიდა და ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა. „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო მისი ძმაც, 26 წლის ბექხან ტოხოსაშვილი, რომელიც თარხან ბათირაშვილის რაზმში ირიცხებოდა. ბექხან ტოხოსაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 2016 წლის ივლისში გავრცელდა.
არსებული მონაცემებით, ამ დრომდე სირიაში ასამდე პანკისელი წავიდა საბრძოლველად და უკვე 27 ახალგაზრდა სხვადასხვა შეტაკების დროს გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, პანკისელი მოზარდები “ისლამური სახელმწიფოს” ყოფილი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის დაჯგუფებაში ირიცხებოდნენ. პანკისელი ახალგაზრდების ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებაში კი სასამრთლომ დამნაშავედ ცნო სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი აიუფ ბორჩაშვილი, რომელსაც 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი