არჩევნებიახალი ამბები

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თელავში მედიაცენტრი გაიხსნა

თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საარჩევნო მედიაცენტრი გაიხსნა.

ცენტრი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამოქმედდა. როგორც knews.ge-ს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორმა განუცხადა, მედიაცენტრები ხელს შეუწყობს პოლიტიკურ სუბიექტებსა და ამომრჩევლებს შორის დიალოგის წარმართვას. ლიკა იმერლიშვილის ინფორმაციით, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მოქალაქეებსა და პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა, უსაფრთხო და ნეიტრალურ სივრცეში გაავრცელონ ინფორმაცია და მოწაყონ დისკუსიები.
,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE) 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში საარჩევნო სუბიექტებს, საარჩევნო ადმინისტრაციას, ქართულ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, სადამკვირვებლო მისიებს და სხვა სამოქალაქო ჯგუფებს სთავაზობს ნეიტრალურ სივრცეებს საქართველოს ათ დიდ ქალაქში ბრიფინგების, პრესკონფერენციების, პრეზენტაციების, საარჩევნო დებატების, მოქალაქეებთან/ამომრჩევლებთან შეხვედრების, ტრენინგების, სამუშაო შეხვედრების და სხვა ღონისძიებების ორგანიზებისთვის. წინასაარჩევნო პერიოდში ცენტრი უსასყიდლოდ უმასპინძლებს იმ ღონისძიებებს, რომელთა მიზანი კანდიდატების საარჩევნო პროგრამების, ამომრჩეველთა სიების ფორმირების, ხმის მიცემის პროცედურების და არჩევნებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება იქნება. არჩევნების დღეს განსაკუთრებულ რეჟიმში ვიმუშავებთ. ცენტრები გაიხსნება დილის 7 საათიდან და დაიხურება შესაბამის ოლქებში არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ. მედია ორგანიზაციებს, სადამკვირვებლო მისიებს და საარჩევნო სუბიექტებს ცენტრების გამოყენება შეეძლებათ როგორც დროებით სამუშაო სივრცედ, ისე პირდაპირი ჩართვებისა და ბრიფინგებისთვის”, – განუცხადა Knews.ge-ს ლიკა იმერლიშვილმა.

 

ავტორები: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი