არჩევნებისტატიები

სოციალური ქსელების გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიისთვის

საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები კი სოციალური ქსელების წინასაარჩევნო აგიტაციისთვის გამოყენების ფაქტებზე და საპრეზიდენტო კანდიდატების იმიჯის შემლახველ კამპანიაზე საუბრობენ. 
,,ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ მათი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის წინააღმდეგ მიმდინარეობს რეპუტაციის შემლახველი კამპანია, რომელშიც ჩართულები არიან კახეთში მომუშავე საჯარო მოხელეები.

მისი თქმით, მსგავსი ფაქტები საქართველოს სხვა რეგიონებშიც დაფიქსირდა და აღნიშნულ საკითხზე პარტია გეგმავს უწყებათაშორის კომისიასა და ცესკოს მიმართოს.
,,მერებს და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის საწინააღმდეგო კამპანიის წარმოებას ავალებენ. ამის ავტორი არის ერთი პიროვნება საქართველოს პარლამენტის წევრი ვინმე სამხარაძე, ის წერს ჩვენს კანდიდატზე სიბინძურეს. მერები და გამგებლები არამარტო კახეთში, იწყებენ მის გაზიარებას იმის მაგივრად, რომ დაკავებულები იყვნენ საქმის კეთებით და გაჭირვებული მოსახლეობის პრობლემების მოგვარებით. ეს არის კანონის დარღვევა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ უწყებათაშორის კომისიას და ცესკოს’’,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობენ მმართველ გუნდში და აცხადებენ, რომ ე.წ. ,,შავ პიარს“ მათ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის წინააღმდეგ სწორედ აღნიშნული პარტიის წარმომადგენლები ახორციელებენ. ,,ქართული ოცნების“ თელავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ბენო გეგეჭკორი აცხადებს, რომ კონკრეტული პირის გადასაწვეტია სოციალური ქსელის პირად გვერდზე რა სახის ინფორმაციას გაავრცელებს.
,,თუ ვინმე რამეს აზიარებს პირად ფეისბუქ გვერდზე, მისი უფლებაა. ნებისმიერი ადამიანი ან პოლიტიკოსი თუ თვლის, რომ გადაცდომას აქვს ადგილი, მიმართონ შესაბამის სამსახურებს განცხადებით ან საჩივრით. თუ ,,შავ პიარზე“ ვილაპარაკებთ, დამამცირებელი განცხადებები იმ პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ, რომელსაც მხარს ვუჭერთ, ,,ნაციონალური მოძრაობისგან’’ უფრო მოდის, ვიდრე სხვისგან’’,- ამბობს knews.ge-სთან საუბრისას ბენო გეგეჭკორი.
წინასაარჩევნო აგიტაციისთვის სოციალური ქსელების აქტიურად გამოყენების ფაქტებზე საუბრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელი.

მარეხ მგალობლიშვილი მიუთითებს, რომ სოციალური ქსელებით სხვადასხვა სააგიტაციო მასალის გავრცელება არ ისჯება, თუმცა ის სახელმწიფო და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად ითვლება.
,,3 წლიანი პროექტის ფარგლებში ვახორციელებთ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს. აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით ეს პერიოდი არ გამოირჩევა დარღვევებით. ჩვენ ამ ეტაპზე არც ერთი საჩივარი არ დაგვიწერია, მაგრამ გვაქვს სხვადასხვა ინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოში გარკვეული მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე. კერძოდ: საარჩევნო სააგიტაციო მასალის არასწორად განთავსებაზე და სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტებზე, რომელიც კანონშეუსაბამოა და სანქციებს ითვალისწინებს. გარდა ამისა, ყურადღებას ვადევნებთ ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში სააგიტაციო მასალების გამოქვეყნების და აგიტაციის ფაქტებზე. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსი სოციალურ ქსელებში აგიტაციას არ თვლის კანონდარღვევად, ამის მიუხედავად საიამ ცესკოსთან და სხვა ორგანიზაციებთან ერთად გააფორმა მემორანდუმი, სადაც დაფიქსირდა, რომ სოციალური ქსელების გამოყენება აგიტაციისათვის არის ადმინისტრაციული და სახელმწიფო რესურსის გამოყენება, თუნდაც პირადი გვერდის ჩათვლით. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ აუცილებელია სამომავლოდ ეს საკითხი დაზუსტდეს საარჩევნო კოდექსში’’,- აღნიშნავს Knews.ge-სთან საუბრისას მარეხ მგალობლიშვილი.

ავტორი: მაკა ხაზიური