შალვა ნათელაშვილი – ჩვენი პრიორიტეტი რეგიონების განვითარების ხელშეწყობა იქნება
,,ლეიბორისტული პარტიის’’ პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი კახეთში ამომრჩევლებს შეხვდა. ნათელაშვილმა ადგილობრივებს სახელმწიფოს გაძლიერების და სოფლის მეურნეობის განვითარების ხედვა წარუდგინა.
პრეზიდენტობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ რეგიონული განვითარებისა და სოფლის მეურნეობის გაძლიერებისთვის, აუცილებელია მაღალი ხელფასების და პრემიების ნაცვლად მთავრობამ მნიშვნელოვანი დარგების განვითარებაზე მიმართოს თანხა.
,,კახელებიც ზუსტად იგივე პრობლემების წინაშე დგანან რაც ქვეყნის ყველა კუთხეშია. მოვიარე დასეტყვილი ვენახები, ვნახე ძალიან კარგი ადამიანები, რომლებიც მოატყუეს. მათ არ მისცეს პენსია, ხელფასი,სამუშაო ადგილი და არც ბანკის ვალი ჩამოაწერეს. სამაგიეროდ გასცეს დაპირება, რომ მარიხუანას დათესავენ და იმით შეგვისრულებენ იმ გაბზარულ ოცნებებს, რომელიც დაგვიმსხვრიეს. გამარჯვების შემთხვევაში, დავნიშნავ საპარლამენტო არჩევნებს. ხელისუფლებაში კი, პროფესიონალებისგან შემდგარი მრავალპარტიული მთავრობა მოვა, რომელიც მიხედავს არა საკუთარ ბიზნესს, არამედ ქართველ ხალხს და ქვეყანას. ყველაზე მნიშვნელოვანია სოფლების განვითარება. ფული, რომელიც იხარჯება მაღალი ხელფასისა და პრემიებისთვის, ჯიპებისთვის, კაბინეტების კაპიტალური რემონტისთვის და უსაქმო ვიზიტებისათვის, უნდა გამოყენებული იქნას სოფელში ყურძნის შესასყიდად, მიწის დასამუშავებლად, ხარისხიანი პესტიციდებით მოსახლეობის მოსამარაგებლად და სოფლის გასაძლიერებლად. ყველაზე ძლიერ სახელმწიფოებშიც კი არცერთი სოფელი საბიუჯეტო დოტაციის გარეშე არ არსებობს. სოფელს უნდა დაეხმაროს მთავრობა. მევენახე და მეწარმე შეუძლებელს ვერ შეძლებს. ამ ყველა პრობლემას 28 ოქტომბერს არჩევნებზე დავასრულებთ’’,– განუცხადა knews.ge-ს შალვა ნათელაშვილმა.
ავტორები: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი