სტუდენტები რეგიონული განვითარების საკითხებს გაეცნენ
საზოგადოებრივი კოლეჯის ”აისის” სტუდენტები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების საკითხებს და ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ მოდელებს გაეცნენ.
კოლეჯის სტუდენტებმა ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „მედია ცენტრი კახეთის“ მიერ მიიღეს და მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.
„საქართველო -ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც 2014 წლის ივნისში იყო ხელმოწერილი და 2016 წლის 1 ივლისში ძალაში შევიდა, ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვან დოკუმენტად იქცა, თუმცა ასოცირების პროცესი ფართო საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ ბუნდოვან, გაურკვეველ საკითხებად აღიქმება, რაც ხელს უწყობს ევროკავშირის შესახებ მითებისა და დეზინფორმაციის გავრცელებას. ეს პრობლემა უფრო ღრმა და თვალშისაცემია საქართველოს რეგიონებში. სოფლად, სადაც მოსახლეობის ინფორმირების დონე კიდევ უფრო დაბალია. სწორედ ამიტომ, სტუდენტების ინფორმირება ძალიან მნიშვნელოვანია, – განაცხადა პროექტის კოორდინატორმა მაია მამულაშვილმა.
სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ საკითხი მნიშვნელოვანია და საჭიროა მოქალაქეების ფართო ფენების ინფორმირება. ახალგაზრდებმა „კახეთის ხმის“ საინფორმაციო პორტალზე განთავსებულ სტატიებსა და მედია მასალებზეც გაამახვილეს ყურადღება და თვითმმართველობაში აქტიური ჩართულობის სურვილი გამოხატეს.
საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „მედია ცენტრი კახეთის“ მიერ პროექტის „რეგიონული განვითარება ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით.“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც GIZ-ის (Deutsche Gesellschaft fürInternationaleZusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.