გზა ევროპისკენთვითმმართველობასტატიები

რა შედეგები მოიტანა საჯარო სამსახურის რეფორმამ

„საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალმა კანონმა, რომელიც ძალაში 2017 წელს შევიდა, ახალი მიდგომები შემოიტანა პრაქტიკაში. კანონმდებლების განმარტებით, ახალი კანონი მიზნად ისახავს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და მიუკერძოებლობაზე დაფუძნებული, ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას ქვეყანაში. აღნიშნული რეფორმა საქართველო-ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილია. 
საჯარო სამსახურის რეფორმის მიხედვით, ასევე, შეიცვალა საჯარო მოხელეთა შეფასების, ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის და თანამდებობათა რანგირების ერთიანი სისტემა.
საიას საპარლამენტო მდივანი, ნინო ხუციშვილი მიიჩნევს, რომ ახალმა კანონმა საჯარო სამსახურების მუშაობა ეფექტიანი გახადა.
,,ახალმა კანონმა დანერგა ღია და დახურული კონკურსების ჩატარება. ღია კონკურსი ტარდება დაბალ პოზიციებზე, სადაც ყველა მოქალაქეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს, ხოლო დახურული კონკურსები ტარდება მესამე რანგის თანამდებობიდან ზემოთ, სადაც მხოლოდ საჯარო მოხელეებს შეუძლიათ მონაწლეობის მიღება. შეიცვალა ასევე აკრედიტაციის და შეფასების სისტემა. ყოველწლიურად თითოეული მოხელე კონკრეტული მეთოდოლოგიით მის მიერ განხორციელებული საქმიანობების მიხედვით შეფასდება. აღნიშნული რეფორმის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ აქამდე გვქონდა კანონი რომელიც საკმაოდ მოძველებული იყო და ვერ პასუხობდა თანამედროვე მოთხოვნებს.ზოგადად საჯარო სამსახურის რეფორმა არის ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება და სწორედ ამ ვალდებულების განხორციელების მიზნით დაიწყო სისტემური რეფორმა, რომლის შემუშავების პროცესში ევროპელი ექსპერტებიც იყვნენ ჩართულები’’,- განუცხადა knews.ge-ს ნინო ცუხიშვილმა.
საჯარო მმართველობის მიმართულებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების ზედმიწევნით შესრულების აუცილებლობაზე საუბრობს ფონდი ,,ღია საზოგადოება -საქართველოს’’ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი. ვანო ჩხიკვაძე აღნიშნავს, რომ დოკუმენტში გაწერილი ვალდებულებები არის ერთობლივი მოლაპარაკების და შეთანხმების საფუძველზე მიღებული.
,,საჯარო სამსახურის რეფორმა ჩადებულია ევროკავშირის დღის წესრიგში და ერთ-ერთი პრიორიტეტია ეს საკითხი საქართველო ევროკავშირის თანამრომლობის. ამ მიმართულებით ჩვენ ევროკავშირისგან ფინანსური მხარდაჭერითაც ვსარგებლობდით სამი წლის მანძილზე. დროში ცოტა დაგვიანდა და ეს სისტემა უფრო ადრე უნდა შეგვექმნა. რეალურად პრიორიტეტები, რაც ასოცირების შეთანხმებაში არის ჩადებული, არ არის თავსმოხვეული, ეს არის ერთობლივი მოლაპარაკების და შეთანხმების საფუძველზე მიღებული. ვალდებულებების შესრულება არის არა თვითმიზანი, არამედ საშუალება იმის, რომ უკეთესი სტანდარტები გვქონდეს ქვეყანაში კონკრეტულად საჯარო სამსახურის მიმართულებით და აღმოფხვრილი იყოს კორუფციასათან დაკავშირებული საკითხები’’,– განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ.
საჯარო სამსახურის რეფორმის მნიშვნელობაზე მიუთითებს თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტი კოტე კანდელაკი. იგი მიიჩნევს, რომ კანონში შესული ცვლილებები საჯარო სამსახურში პოლიტიკური ინტერესების გატარებას მაქსიმალურად შეამცირებს.
,,ახალი კანონის ამოქმედების მერე ვფიქრობთ, რომ არჩევნების შემდგომ არ მოხდება მოხელეების გათავისუფლება და ისინი გააგრძელებენ საქმიანობას მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური ძალა მოვა თვითმმართველობაში ან ცენტრალურ ხელისუფლებაში. ეს ხელს შეუწყობს საჯარო სტრუქტურების გამართულ ფუნქციონირებას. გარდა ამისა, ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს საჯარო მოხელეების ზრდაზე, ეს იქნება კვალიფიკაციის ამაღლება თუ კარიერულ ზრდის ხელშეწყობა, რაც საბოლოოდ მიგვიყვანს პროფესიონალ საჯარო მოხელეებამდე. ჩემი ინფორმაციით, ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები არის გადადგმული, ადგილობრივ თვითმმართველობებს აქვთ ვალდებულება, რომ გარკვეული თანხა გამოყონ მოხელების კვალიფიკაციის ასამაღლებლად’’,- განუცხადა knews.ge-ს კოტე კანდელაკმა.

ავტორი: მაკა ხაზიური

 

წინამდებარე სტატია მომზადებულია GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიის შინაარსობრივ სისწორეზე.