ახმეტაში ბაწარა-ბაბანეურის ნაკრძალის ვიზიტორთა ცენტრი აშენდება

ახმეტაში, რუსთაველის ქუჩაზე, ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისათვის ადმინისტრაციული შენობა აშენდება. დაცული ტერიტორიების სააგენტომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი 21 სექტემბერს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 31 000 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ვიზიტორთა შენობა ერთ ან ორსართულიანი იქნება, სადაც უნდა განთავსდეს საინფორმაციო სივრცე (მუზეუმი), დირექტორის ოთახი, დაცვის განყოფილების ოთახი, ჰოლი, საკონფერენციო ოთახი, ტექნიკური ოთახი, სამზარეულო, საწყობი და სანიტარული კვანძები.

“პროექტირება მოიცავს არსებულ მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის და მასზედ ვიზიტორთა შენობის განთავსების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას. არსებული მდგომარეობით მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სადემონტაჟო შენობა, პროექტანტმა ასევე უნდა მოამზადოს არსებული შენობების სადემონტაჟო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. ვიზიტორთა ცენტრის შენობის განთავსების დროს აუცილებელია შენობების განთავსებისას პროექტანტმა დაიცვას სამეზობლო მიჯნის ზონების მანძილები. შენობის იერსახე უნდა იყოს ესთეტიურად დახვეწილი და მაქსიმალურად ჰარმონიული ადგილობრივ
ლანდშაფტთან. პროექტირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს რეგიონის კლიმატური პირობები. კონსტრუქციული თვალსაზრისით შენობები უნდა უზრუნველყოფდეს უსაფრთხო ექსპლუატაციას და აკმაყოფილებდეს ქვეყანაში არსებულ სეისმო მედეგობის ნორმებს. საპროექტო გადაწყვეტილებებმა და სამშენებლო მასალათა შერჩევამ უნდა უზრუნველყოს ობიექტების მინიმალური საექსპლოატაციო მოვლა-პატრონობის ხარჯები, მიმდინარე და კაპიტალური შეკეთებების ინტენსივობა”. – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ტენდერში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების მიღება 7 ოქტომბერს დაიწყება და 12 ოქტომბერს დასრულდება. ტექნიკური დავალებით განსაზღვრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მიმწოდებელმა შემსყიდველ ორგანიზაციაში უნდა წარმოადგინოს სრულად ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 45 დღის ვადაში. ინფრასტრუქტურული კომპლექსის მშენებლობის მთლიანი ღირებულება 300 000 (+10% დასაშვებია) ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *