თელავში მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანთან მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებული დავით ლეგაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. ლეგაშვილის ოჯახის წევრებს და სოფელ ვარდისუბნის მაცხოვრებლებს დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით გუშინ თელავი-ახმეტას დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზა ჰქონდათ გადაკეტილი. ისინი ამბობენ, რომ პროტესტი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეაჩერეს. ადგილობრივების მტკიცებით, ლეგაშვილი უსამართლოდ დააკავეს, მაშინ, როდესაც ინციდენტის მონაწილე სხვა პირების მიმართ სამართლებრივი მოქმედებები არ დაწყებულა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საქონლის ბაზარში 6-კაციანი ჯგუფი 4 პირს ფიზიკურად გუშინ გაუსწორდა. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ერთი დაშავებული 14 წლის არის. ყველა დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. ინციდენტის დროს დაზიანდა ავტომობილიც.
დაზარალებულები სოფელ ყარაჯალას მაცხოვრებლები არიან. მათი თქმით, დაპირისპირება ვარდისუბნის მცხოვრებლებს შორის მიწის ნაკვეთის გამო ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მოხდა და ამჯერად ისევ განახლდა. თავდამსხმელი მხარე დაზარალებულს ნაკვეთიდან ცხვრების გაყვანას სთხოვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1977 წელს დაბადებული დ.ლ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.ლ.-მ მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მდებარე მსხვილფეხა საქონლის ბაზრობაზე, ურთიერთშელაპარაკებისას 1986 წელს დაბადებულ რ. ს.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. რ.ლ. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ცხოვრობს.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.