კახეთში 100%-იანი გრანტის მფლობელი პირველკურსელები სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს
კახეთის გუბერნატორის ინიციატივით, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებმა სიმბოლური საჩუქრები გადასცეს იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100%-იანი სასწვალო გრანტი მიიღეს.
მათ პირველი კურსის სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და განათლების მიმართულებით განხორციელებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, განათლების რეფორმა და მთავრობის ახალი კონცეფცია მორგებულია ყველა მოქალაქეზე, განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური მრწამსისა.
,,ახალი სასწავლო წელი დაიწყო და ამ პროცესს დაემთხვა ისიც, რომ საქართველოს მთავრობამ საგანმანათლებლო რეფორმის მნიშვნელოვანი გეგმა და კონცეფცია წარადგინა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი იყო სწორედ ამ კონტექსტში შევხვედრილიყავით წარმატებულ მოსწავლეებს, რომლებმაც 100%-იანი დაფინანსება მოიპოვეს. ეს ადამიანები უკვე წარმატებულები, ლიდერები არიან და მათ შეუძლიათ, ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ კახეთის რეგიონის და მუნიციპალიტეტის განვითარებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ განათლების რეფორმა ეხება ჩვენს ყველა თანამოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური მრწამსისა. ამის ერთ-ერთი მაგალითია ის, რომ უმაღლესი ქულები მიიღეს კახეთიდან ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა. ეს ჩვენ გვაიმედებს, რომ საზოგადოება უფრო ინტეგრირებული ხდება, ფეხს უწყობს თანამედროვე გამოწვევებს და იმას, რომ საქართველო დგას ევროკავშირის, დემოკრატიის და თავისუფლების გზაზე’’,- განუცხადა Knews.ge-ს ირაკლი ქადაგიშვილმა.
ავტორები: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი.