თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 3 ოქტომბერს გაიხსნება
თელავში 3 ოქტომბერს მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება.
როგორც knews.ge-ს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, ფესტივალი სამინისტროს მხარდაჭერითა და კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება. ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე.
სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება თელავში 13 ოქტომბრამდე გასტანს.
„განრიგში 10 კონცერტია, რომელთაგან 6 თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ერთი – ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში, ერთი კი, წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მოეწყობა. მუზეუმის ტერიტორიაზე, კიდევ, ორი კონცერტია დაგეგმილი“, – აცხადებენ სამინისტროში.
უწყების ცნობით, მსმენელის წინაშე წარდგებიან სხავადასხვა თაობის ბრწყინვალე პიანისტები: ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, გამოჩენილი ქართველი მუსიკოსი ელისო ვირსალაძე; ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი, მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსი ბორის ბერეზოვსკი; ცნობილი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია; 2017 წლის არტურ რუბინშტეინის პიანისტთა კონკურსის II პრემიის ლაურეატი და მაყურებლის სიმპატიის პრიზის მფლობელი დანიელ ჩობანუ; ვუნდერკინდად აღიარებული 14 წლის მევიოლინე მატვეი ბლუმინი; ვიოლონჩელისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები – ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი ალექსანდრ რამი და ბრუნო ფილიპი; საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრი არიელ ცუკერმანის დირიჟორობით, ასევე, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, რომელიც თავისი 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ კონცერტს გამართავს.
მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა.