ახალი ამბები

საგარეჯოში თაღლითობის ფაქტზე 5 პირი დააკავეს, 13 პასუხისგებაში მისცეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე 5 მოქალაქე: სულხან ლ, სოლომონ თ, ნიკო ღ, ანა თ. და შოთა ო. დააკავეს.

როგორც Knews.ge-ს სუს-ში განუცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები ე.წ. ცრუ მოწმეების დახმარებით თაღლითურად დაეუფლნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, საერთო ჯამში 20 000 კვ.მ-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთებს, რითაც სახელმწიფოს მიადგა ზიანი 78 000 ლარის ოდენობით.
უწყების ინფორმაციით, ამავე საქმეზე, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობაში დახმარების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 13 მოქალაქე: მალხაზ ლ, ამირან ნ, მზია ჟ, გოდერძი ზ, შოთა ხ, ზორბეგი ა, გელა ს, ვეფხვია მ, ნუგზარ ღ, ელიზბარ გ, გია გ, ზაზა ბ და ვაჟა პ.
„აღნიშნულმა მოქალაქეებმა თაღლითობაში ბრალდებულებს დახმარება გაუწიეს და ნოტარიულად დაადასტურეს, თითქოსდა ბრალდებულები მიწის ნაკვეთებს ნამდვილად ფლობდნენ. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და 25-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რომლებიც დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, – განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.