თუშეთის ნასოფლარ ჰეღოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
როგორც knews.ge-ს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ნასოფლარი მდებარეობს პირიქითის ალაზნის ხეობაში, სოფელ გირევის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 2 კილომეტრის მანძილზე.
“ნასოფლარი მდინარის მარცხენა ნაპირზე, მაღალი მთის ციცაბო კალთაზეა განლაგებული. ნაგებობების დიდი ნაწილი მნიშვნელოვანი დანაკარგებითაა მოღწეული, ნაწილი კი მხოლოდ გეგმის დონეზეა შემორჩენილი. შედარებით უკედაა მოღწეული ოთხი კოშკი და ნასოფლარის ზემოთ მდებარე იოანე ნათლისცემლის ხატი. იოანე ნათლისმცემლის ხატი, კომპლექსი, მდებარეობს ნასოფლარის ჩრდილოეით, მთაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კოშკები მდებარეობს ნასოფლარის განაპირას, აღმოსავლეით და განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. სხვადასხვა დონეზე, ერთმანეთისაგან 8 მ-ის დაშორებით, დგას ორი კოშკი. ორივე ნაგებია ფიქლით, წყობა მშრალია. კოშკებში კუთხეები ყველა სართულზე გამაგრებულია დიაგონალურად გადებული ორ-ორი მოგრძო ფიქლით. კოშკებს შორის შემორჩენილია გვიანდელი ნაგებობის დასავლეთის კედელი, რომელშიც კარი, სარკმელი და სწორკუთხა ნიშია. ეს კედელი კოშკების დასავლეთის კედლებთან ერთად ერთ სიბრტყეს ქმნის. კედლის პირდაპირ მშრალი წყობით ნაგები ფიქლის ტერასაა. კედელიც და ტერასაც რელიეფს მიჰყვება”, – განაცხადეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.