ახალი ამბები

NDI – მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხებია: სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა და პენსიები

კითხვაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები რომელია, გამოკითხულთა 51% სამუშაო ადგილებს ასახელებს, 32% – სიღარიბეს, 28% – ფასების ზრდას, 28% – პენსიებს, 24% – ტერიტორიულ მთლიანობას, 21% – ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურეობას, 17% – ხელფასებს, 15% – განათლებას, 10% – ადამიანის უფლებებს, 10% – რუსეთთან ურთიერთობას, 8% – სამართლიანობის აღდგენას, 6% – კრიმინალს, 5% – სამართლიან არჩევნებს, ხოლო 4-4% სასამართლო სისტემას და ნატო-ში გაწევრიანებას.
თელავში მცხოვრები მოქალაქეები ეხმაურებიან NDI-ს კვლევებს. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლებამ უპირველეს ყოვლისა სამუშაო ადგილები უნდა შექმნას და უმუშევრობის პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია სახელმწიფომ რეგიონში ქარხნები გახსნას, რომელიც ბევრ ადამიანს დაასაქმებს. 
“დასაქმების პრობლემას მოგავრების ყველაზე კარგი საშუალებაა ფაბრიკა-ქარხნების ამოქმედება. ხილის გადამამუშავებელი ქარხნა მხოლოდ გურჯაანშია და ისიც არ არის. დიდი ქარხანა რომ აშენდეს თელავში, მინიმუმ 100 ადამიანი ხომ დასაქმდება? გარდა ამისა, ხილის წვენების საწარმო რომ ააშენოს სახელმწიფომ, ადამიანებიც დასაქმდებიან და ფერმერებს მოსავალიც ჩაუბარეელი არ დარჩება”, – განუცხადა Knews.ge-ს თელავში მცხოვრებმა ვანო ახალკაციშვილმა. 
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 409 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. 
კვლევაში ცდომილების ზღვარი +/-1,9%-ია.