ტელეშოუ ჩემი სამზარეულოს წესების გამარჯვებულები პანკისელი ქალები გახდნენ
ფინალურ ტურში მათ ზუგდიდის გუნდი დაამარცხეს. ისინი ამბობენ, რომ კულინარიულ შოუში მონაწილეობით სურდათ ვაინახური სამზარეულოს პოპულარიზაცია და პანკისის ხეობის დადებითი კუთხით წარმოჩენა. ნატო ქავთარაშვილის განცხადებით, ისინი არ ელოდნენ ტელეშოუში გამარჯვებას.
“პირველ გადაცემაში „ჯიჯიგ გალნაშ“ (შებოლილი ხორცი და მოხარშული ცომი ნივრის საწებლით) და ჩეჩნური ჰალვა მოვამზადეთ, მეორე ტურში კი – „კალდეელთ გალ“, ანუ მოხარშული მჭადი და ხაჭოერბო მწვანე სოუსთან ერთად, ასევე აჯაფსანდალი და ცხვრის ნეკნები, დესერტად კი ისევ ჩეჩნური ჰალვა, ოღონდ ჟოლოს სოუსით. ჟიურის წევრები ქისტურ-ჩეჩნურ სამზარეულოს არ იცნობდნენ. ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რადგან როდესაც კერძი არსად არ გაქვს გასინჯული და შემდეგ ძალიან მოგეწონება, ეს არის აღმოჩენა. ამ პროექტში მთავარია აღმოაჩინო ახალი და გემრიელი კერძები. არ ველოდით, რომ ტელეშოუში გავიმარჯვებდით, რადგან ძალიან სერიოზული კონკურენცია იყო“, – განუცხადა knews.ge-ს ნატო ქავთარაშვილმა.
მედიკო მაჩალიკაშვილი და ნატო ქავთარაშვილი პანკისის ხეობაში მდებარე არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის თანამშრომლები არიან. მედიკო ადგილობრივებს კულინარიას ასწავლის, ნატო კი ახალგაზრდებთან მუშაობს.
ფოტო: რუსთავი 2