ევროკავშირის წარმომადგებლობამ თელავის 1-ელ ბაღში შეხვედრა გამართა
ის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქებისთვის“ შედეგებს ადგილზე გაეცნო.
,,კატერინა მატერნოვა ესტუმრა თელავის # 1 და სოფელ იყალთოს საბავშვო ბაღებს და ევროკავშირის დაფინანსებული პროექტები მოინახულა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: ორი საზოგადოებრივი შენობის სრული თერმო-მოდერნიზაცია განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით ამ შენობებში ბიომასაზე (წალამზე) მომუშავე თანამედროვე ავტონომიური გათბობის სისტემების დამონტაჟება, ენერგიის განახლებადი წყაროებისა და ენერგოეფექტურობის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა საინფორმაციო და შემეცნებითი ღონისძიების ჩატარება საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობით. ინიციატივა „EU4Energy“ მოიცავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ევროკავშირის მხარდაჭერას ენერგომიწოდების, ენერგოუსაფრთხოების და ურთიერთკავშირების გაუმჯობესებისთვის და ენერგოეფექტურობის და ენერგიის განახლებადი წყაროების დანერგვისათვის. ამ მიზნით პროგრამა აფინანსებს იმ პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ენერგეტიკული ბაზრების რეფორმირებას, ქვეყნის ენერგოდამოკიდებულების და ენერგიის მოხმარების შემცირებას. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გახდის ენერგიის მიწოდებას უფრო საიმედოს, გამჭვირვალეს და ხელმისაწვდომს, რითაც შეამცირებს ენერგეტიკულ სიღარიბეს და ენერგოგადასახადებს, როგორც მოქალაქეებისათვის, ასევე კერძო სექტორისათვის”, – განაცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.
ბაღების მონახულება ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქებისთვის“ ფარგლებში. აღნიშნული პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირისა (80%) და თელავის მუნიციპალიტეტის (20%) მიერ „მერების შეთანხმება სადემონსტრაციო პროგრამის“ (CoMDeP) ფარგლებში და მას ახორციელებს „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“.