ახალი ამბები

გურჯაანის სოფელ კარდენახის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ადგილობრივები ამბობენ, რომ ე.წ. “ნუშებისა” და “ტეტელოშვილების” უბნებში გზა ისეა დაზიანებული, რომ ფეხით გავლაც კი უჭირთ. 
“საარჩევნოდ, ცენტრალური გზიდან ჩამოსასვლელი გააკეთეს მარტო, ისიც დაახლოებით 100 მეტრი იქნება. ისეა დაზიანებული გზა, გადაადგილებას ვერ ვახერხებთ. ხომ შეიძლება მოგვაქციონ ყურადღება“, – აცხადებს საინფორმაციო სააგენტო ,,აიპრესთან” საუბრისას ივანე ხელაშვილი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ვლადიმერ მუსალბიშვილის ინფორმაციით, “ნუშების უბანში” გზის პრობლემა მიმდინარე წელს ნაწილობრივ მოგვარდება.
“მიმდინარე წელს, სოფელ კარდენახში სულ 1 590 მეტრი გზა მოასფალტდება. ეს ნაწილობრივ “ნუშების უბანსაც” მოიცავს, სადაც 300 მეტრზე ბეტონის საფარი მოეწყობა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია. დაახლოებით ორ კვირაში ხელშეკრულება გაფორმდება. სამუშაოების საწარმოებლად კომპანიას სამთვიანი ვადა განესაზღვრა”,- განაცხადა ვლადიმერ მუსალბიშვილმა.