ახალი ამბები

ყვარლის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორ ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანება უკვე გამოქვეყნდა. როგორც knews.ge-ს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ციხის რეაბილიტაცია ბოლოს 1985-1987 წლებში განხორციელდა. 
“ციხე ნაგებია რიყის ქვის თევზიფხური და რეგულარული წყობითკირხსნარზე, სართულშორის გადახურვის ნაწილად და გაფორმებისთვის გამოყენებულია ქართული აგური. გალავნის ოთხივე კუთხეში მთელი კორპუსით გარეთ გასული მრგვალი კოშკებია, ჩრდილოეთის და დასავლეთის კედლების შუაში ნახევარწრიული, ხოლო აღმოსავლეთის კედლის შუაში სწორკუთხა კოშკია. აღმოსავლეთის კოშკი ამავე დროს ციხის კარიბჭის ფუნქციას ასრულებდა. ციხეს 20 მეტრის დაშორებით გარედან მეორე გალავანი ჰქონია, რომლის შესახებ ისტორიულ წყაროებშია ინფორმაცია დაცული. ახლა მისგან აღარაფერია დარჩენილი. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი წარმოადგენს XVII-XVIII საუკუნეების დამახასიათებელ ციხე-გალავანს. ყვარლის ციხე გვიანდელი შუა საუკუნეების კახეთის ციხეებში ერთ-ერთი უდიდესია. მისი მნიშვნელობა თავის დროსვე ხაზგასმული იყო როგორც ქართველთა, ისე მტრის მიერ, როცა ციხის დაცვა და მტრისგან აღება გაიგივებული იყო კახეთის დაცვასა და დაცემასთან. ციხის ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია 1755 წლის ყვარლის ბრძოლა: ავარიის ხანმა ნურსალ-ბეგმა ქართლ-კახეთის წინააღმდეგ მთელი დაღესტანი დალაშქრა და ყვარლის ციხეს შემოარტყა ალყა. ციხეში გამაგრებულმა მეციხოვნეებმა დიდხანს გაუძლეს ალყას მაგრამ ბოლოს თოფ-წამალი და საკვები შემოაკლდათ. მეფე ერეკლეს გადაწყვეტილებით, მოხალისეები რომლებიც შეძლებდნენ მეციხოვნეებთან შეღწევას და სანოვაგის და იარაღის მიწოდებას ყმობიდან განთავისუფლდებოდნენ. 206 კაცისგან შემდგარმა რაზმმა მეფის დავალება შეასრულა და ყვარლის ციხეში გამაგრებულებს იარაღი და სანოვაგე მიაწოდა. პარალელურად ერეკლეს მარბიელმა ლაშქარმა ჭარ-ბელაქნის დარბევა დაიწყო. დაღესტნელები მიხვდენენ რომ ციხე დანებებას არ აპირებდა, ამიტომ ალყა მოხსნეს და უკან გაბრუნდნენ”, – აღნიშნულია ძეგლის ანოტაციაში.