ახალი ამბები

ყვარელში ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების საკითხებზე იმსჯელეს

ღონისძიებაზე, რომელიც 2 დღის განმავლობაში გაგრძელდა, მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო შიდა ფინანსების კონტროლის რეფორმაზე, თვითმმართველობებისთვის უფლებამოსილებების გადაცემაზე, კონკრეტულად სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებაზე, მოქალაქეთა მონაწილეობაზე და სხვა საკითხებზე იმსჯელეს. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას თქმით, ფორუმის მიზანი იყო თვითმმართველობის სისტემის ეფექტურად მუშაობა, სამომავლო მიზნების დასახვა და შესასრულებელი ამოცანების განსაზღვრა. 
,,ვისაუბრეთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, თვითმმართველობის დეცენტრალიზაციაზე, გაძლიერებაზე, ფინანსების გაზრდაზე, სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების საკითხებზე დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში. შეხვედრას პარლამენტის წევრების გარდა, თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც ისაუბრეს თვითმმართველობებში რეფორმის კონტექსტში არსებულ გამოწვევებსა და ხედვებზე”,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
ფორუმის მხარდამჭერები არიან: გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), ეროვნულ-დემოკრატიული ინტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და World Vision. ღონისძიება ჩატარდა შვეიცარიის, ავსტრიისა და დანიის მთავრობების და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით.