ახალი ამბები

ენმ – ხელისუფლება სოფელ იორმუღანლოში პოლიციის მეშვეობით ცდილობს გამოასახლოს მოქალაქე

გიორგი ბოტკოველის მტკიცებით, სოფელში მობილიზებულები არიან აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები და სამართალდამცავები, რომელთა მეშვეობით ხელისუფლება ცდილობს საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლოს მამედ ისაევის ოჯახი. ისაევების ოჯახი მაღაზიას ფლობდა, რომელიც საგადასახადო ინსპექციამ 100 000 ათასი ლარით დააჯარიმა, შემდეგ კი საცხოვრებელი სახლი დაუყადაღა. 
ბოტკოველის ინფორმაციით, ისაევმა 14 000 ლარი გადაიხადა, თუმცა სახლს ყადაღა არ მოუხსნეს და აუქციონზე ამავე უწყების თანამშრომელზე 6000 ლარად გაყიდეს. 
მისივე თქმით, ეს პირველი შემთხვევა არაა და საგადასახდო ინსპექციის თანამშრომელს იორმუღანლოში ამ გზით ბევრი სახლი აქვს ნაყიდი. 
“ხელისუფლება იორმუღანლოში ცდილობს, აღმასრულებლებისა და პოლიციის მეშვეობით გამოასახლოს მამედ ისაევის ოჯახი, რომელსაც დაუყადაღეს სახლი, მაღაზია. მას საგადასახადო ისპექციამ 2013 წელს დააკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით, რომელსაც ბატონი მამედი ვერ გადაიხდიდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათ დაიწყეს ზეწოლა. იმის მიუხედავად რომ ბატონმა მამედმა შესთავაზა ჯარიმის ჩამოკლება, საგადასახადო ინსპექციამ შეთანხმება არ გააფორმა. შემდეგ ბატონ მემედის ქონება გამოიტანეს აუქციონზე და ის 6000 ლარად გაასხვისეს ვინმე ჩიბჩიურზე, რომელიც არის საგადასახაო ინსპექციის თანამშრომელი და დაკავებულია ამ საქმიანობით. მამედის ქონების გარდა, ჩიბჩიურს ამ სოფელში არაერთი სახლი აქვს ნაყიდი. ფაქტობრივად ეს არის ერთი მაფიოზური კლანი, რომლებიც ახერხებენ იმას, რომ ხელისუფლებასთან ერთად კერძო ადამიანების ქონება ჩაიგდონ ხელში. სოფლის შემოსასვლელში მობილიზებული როგორ აღსრულების ეროვნული ბიუროს, ისე პოლიციის ავტომობილები, რათა ეს ადამიანი გამოასახლონ”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.