ახალი ამბები

სტერეოტიპების რღვევის კამპანიის ფარგლებში თელავში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრაზე, რომელიც კახეთის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით სტერეოტიპების რღვევის კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, განიხილეს ასევე მესამე სექტორისათვის კომუნიკაციის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შექმნის საკითხები, რომელიც საფუძვლად დაედება სამოქალაქო საზოგადოების მიმართ არსებული სპეციფიკური სტერეოტიპების რღვევასა და ევროინტეგრაციის იდეის პოპულარიზაციისკენ მიმართულ კამპანიას. 
პროექტის ერთ-ერთი განმახორციელებელი ორგანიზაციის, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელ თემურ ჯალიაშვილის თქმით, მესამე სექტორის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების კუთხით 4 ძირითადი გამოწვევაა, რომელთა ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი სექტორებს შორის პარტნიორობის პრობლემაა. 
,,ევროკავშირის დახმარებით საქართველოში ხორციელდება პროექტი ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა’’. პროეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის მოქალაქეებში და საზოგადოებაში, სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ დამოკიდებულება. ვთვლით, რომ დღეს საკმარისად მაღალი არ არის საზოგადოების ნდობა ამ ორგანიზაციების მიმართ. მათ არც იციან, რატომ ვართ, რას ვაკეთებთ და რა ფუნქცია გვაქვს. აქედან გამომდინარე, ქვეყნის მასშტაბით ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომ გაგვეგო, როგორი დამოკიდებულებები და განწყობებია საზოგადოებაში. ასევე საქართველოს 10 რეგიონში ჩავატარეთ შეხვედრები, რათა გაგვეგო, რა სტერეოტიპებია გავრცელებული ამ მიმართულებით, რას ფიქრობენ ჩვენზე საზოგადოებაში არასწორად ან სწორად. ამ კუთხით 4 ძირითადი გამოწვევაა. ესენია: ფართო საზოგადოების მხრიდან აღიარებისა და მხარდაჭერის ნაკლებობა, დაფინანსების წყაროების ერთგვაროვნება და სექტორებს შორის პარტნიორობის პრობლემა, ორგანიზაციის შიდა მმართველობის სისუსტეები და ანგარიშვალდებულების გამოწვევები, ეროვნულ და ადგილობრივ პოლიტიკაზე შეზღუდული გავლენა, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების საკითხებში. საბოლოო ჯამში ჩვენ გვინდა, შევქმნათ სამწლიანი სტრატეგია და კომუნიკაციის სამოქმედო გეგმა, თუ როგორ მივიტანოთ ადამიანებამდე კონკრეტული ინფორმაცია, როგორ ველაპარაკოთ მათ და რა საკომუნიკაციო არხები გამოვიყენოთ. დამსწრე საზოგადოებას ვესაუბრეთ, გავიგეთ, რას ფიქრობენ ამ საკითხზე და როგორ შეიძლება მითების მსხვრევა. ჩვენ ასევე გვაინტერესებს ის სტერეოტიპები, რომლებიც გავრცელებულია ევროკავშირთან და ევროინტეგრაციასთან მიმართებაში’’,- განუცხადა knews.ge-ს თემურ ჯალიაშვილმა.
პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.