დედოფლისწყაროს სოფელ გამარჯვების მოსახლეობა აქციას მართავს
ადგილობრივი მოსახლეობა ქერის მოსავლის ასაღებად კომბაინების არასაკმარის რაოდენობას აპროტესტებს. მათი მტკიცებით, შპს “მექანიზატორი” უპირატესობას ანიჭებს მსხვილ ფერმერებს და ტექნიკით უპირველეს ყოვლისა ისინი სარგებლობენ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
“ამდენი ვიწვალეთ და რა დღეში ვართ, მოყვანილ მოსავალს ვერ ვიღებთ. ჩვენ გარდა, კიდევ სხვა სოფლებიც არიამ ამ მდგომარეობაში. ორი კომბაინი არ არის საკმარისი და ისიც უმოქმედოდ დგას, ჩვენ მოსავალი გაგვინახევრდა. როგორც ვხვდებით უპირატესობას ანიჭებენ იმათ, ვისაც დიდი მოსავალი აქვს. ჩვენ რა ვქნათ გლეხებმა? იძულებულები ვართ, ამ ორი კომბაინის სხვაგან გაგზავნის საშუალება არ მივცეთ”, – განაცხადა ფერმერმა ზურაბ გოდერძიშვილმა.
როგორც knews.ge-ს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მალხაზ მერაბიშვილმა განუცხადა, მარცვლეულის მოსავლის ასაღებად სამი კომბაინი მუშაობდა. მერაბიშვილის ინფორმაციით, პრობლემა ერთი კომბაინის დაზიანებამ გამოიწვია.
,,წინა წლებთან შედარებით ნათესი ფართობები გაზრდილია და ასაღები მოსავალიც მეტია. სულ სამი კომბაინი მუშაობდა და მოსავლის აღება დროში ვერ ესწრებოდა. ერთი კომბაინი გაფუჭდა და ამან მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. მათ, კომპანიას კომბაინის შესაკეთებლად წაღების საშუალება არ მისცეს. უახლოეს დღეებში კომბაინი შეკეთდება და პრობლემა მოგვარდება”,-განუცხადა Knews.ge-ს მალხაზ მერაბიშვილმა.