შესაძლო კორუციული სქემა სიღნაღის მერიაში – საქმეზე გამოძიება დაიწყო
ოპოზიცია შესაძლო კორუფციულ საქმეში მერიის მაღალჩინოსნების ბრალეულობაზე საუბრობს. ერთიანი ნაციონალუროი მოძრაობის წევრი გიორგი ბოტკოველი ამტკიცებს, რომ ერთჯერადი დახმარებისთვის განკუთვნილ თანხას მერიის თანამშრომლების ნათესავებზე რიცხავდნენ, რომელსაც შემდეგ თავად მაღალჩინოსნები იყენებდნენ.
“მერის მოადგილე გუშინ ადასტურებდა, რომ არასწორად გაიცემოდა სოციალური დახმარებები. ისინი გამიზნულად რიცხავდნენ თანხებს და გამოჰქონდათ. თავადვე დაადასტურეს, რომ ეს არ იყო პირველი ფაქტი. აქ არის ორი დაპირისპირებული კლანი, ერთია კვირიკაშვილის დანიშნულები მერი და მერის მოადგილეები, მეორე შიოლაშვილის დანიშნული ვიცე მერი და საფინანსო სამსახურის უფროსი. როდესაც ირაკლი შიოლაშვილმა დაიანახა, რომ კვირიკაშვილის მოხსნეს, გადაწყვიტა მისი კადრები მოიშოროს მუნიციპალიტეტიდან ან თავის მმართველობაში გადაიბიროს. თავადვე გაახმაურეს ეს ამბავი”, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას გიორგი ბოტკოველი.
კორუფციასთან მაღალჩინოსნების კავშირს გამორიცხავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი. გიორგი გოგილაშვილი მიუთითებს, რომ მისი სამსახურეობრივი მივლინების დროს მერიის მუდმივმოქმედი კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ერთჯერადი დახმარებისთვის განკუთვნილი თანხები ერთსა და იმავე პიროვნებებზე, მათ შორის, იურიდიული სამსახურის სპეციალისტის დაზე არასწორად გაანაწილა. გოგილაშვილი ამბობს, რომ კომისის წევრმა ფულადი დახმარების გაცემა ვერ მოასწრო და აღნიშნულმა პიროვნებებმა ამ თანხით ვერ ისარგებლეს.
“შეცდომა მერიის მუდმივმოქმედი კომისიის ერთ-ერთ წევრს მოუვიდა. ერთსა და იმავე პერსონაზე, კერძოდ, იურიდიული სამსახურის სპეციალისტის დაზე უნდა გაცემულიყო ერთჯერადი დახმარება. ჩვენ აღმოვაჩინეთ ეს შეცდომა და მაშინვე ვაცნობეთ ანტიკორუფციულ სამსახურს. კომისიის წევრმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. არ ვიცი, წინა წლებში იყო თუ არა მსგავსი ფაქტები. წინასწარ ვერც იმაზე ვისაუბრებ, ეს ქმედება ჩვენმა თანამშრომელმა განზრახ ჩაიდინა თუ უნებლიე შეცდომა იყო. რაც შეეხება კორიფციულ სქემას, ეს გამორიცხულია. ჩვენ თანამშრომლისგან გავიგეთ ამ შეცდომის შესახებ. ნაციონალური მოძრაობა ასევე საუბრობს, რომ ეს საქმე დაკავშირებულია ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და სიღნაღის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შიოლაშილის კლანებს შორის დაპირისპირებასთან, თითქოს შიოლაშვილს უნდა ჩემი მოშორება, ეს აბსურდია და გიორგი ბოტკოველის ფანტაზიის ნაყოფი. გაუგებარია, ამ საქმესთან რა შუაში ვართ მე და ირაკლი შიოლაშვილი”, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი გოგილაშვილმა.
სოციალური დახმარებების არასწორი განაწილების საქმესთან რაიმე კავშირს გამორიცხავს სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატიც. ირაკლი შიოლაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხის შესახებ გუშინ მედია საშუალებების მეშვეობით გაიგო.
“აბსურდულია გიორგი ბოტოველის ბრალდება. რა უნდა ვთქვა? სასაცილოა. რაც შეეხება ამ საქმეს, შესაბამისი უწყებები უკვე სწავლობენ ამ საკითხს. პირადად მე ვარ პასუხისმგებელი იმაზდე, რომ ნებისმიერი სახის დანაშაული ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაუსჯელი არ დარჩება, მით უფრო საჯარო მოხელეების მიერ. თუ დანაშაულის ნიშნები იქნება ამ საქმეში, დამნაშავე დაისჯება”, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას ირაკლი შიოლაშვილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი აცხადებენ, რომ შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვთ მიღებული, რაზეც შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლა მიმდინარეობს.