EMC პროკურატურასა და სუს-ს მოუწოდებს, შეწყვიტონ თემირლან მაჩალიკაშვილის დისკრედიტაციის მცდელობა
EMC ეხმაურება 2018 წლის 25 ივნისს სხვადასხვა მედია საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას თემირლან მაჩლიკაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონის მონაცემების შესაძლო შესწავლის შესახებ.
ორგანიზაციის განცხადებით, მიმდინარე თვეების განმავლობაში სახელმწიფო უწყებები ღიად არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციის ფუნდამენტურ პრინციპს პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლულის მიმართ და სხვადასხვა საინფორმაციო ტაქტიკის გამოყენებით თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის ღირებულების დაკნინებას ცდილობენ.
„თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი და მათი ადვოკატები მუდმივად ითხოვდნენ პროკურატურისგან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან ტერორიზმის მხარდაჭერის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არსებული საქმის მასალების გაცნობას და მაჩალიკაშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით სუს-ის მიერ გაჩენილი კითხვებისა და ეჭვების გადაწყვეტას. აღნიშნულ მასალაზე დაშვების დაპირება თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა მთავარი პროკურორისგან მიიღო კიდეც, თუმცა ამ დრომდე პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ოჯახისთვის საქმის მასალების გაცნობის გადაწყვეტილება არ მიუღია. ამის საწინააღმდეგოდ, პერიოდულად ვრცელდება მაჩალიკაშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებული ფრაგმენტული ინფორმაცია სახელმწიფოს ოფიციალური ან მედია საშუალებების არხებით ისე, რომ ოჯახის ადვოკატებს არსებულ მასალებზე რაიმე წვდომა და მათი რელევანტურობისა და ვალიდურობის კრიტიკული შეფასების და სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობა არ გვაქვს. მათ შორის, 24 ივნისს იმედის ეთერით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ექსკლუზიურად სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება და მასზე წვდომა არც ერთი პროცედურის ფარგლებში არც ერთ მესამე პირს წვდომა არ აქვს, აჩენს კითხებს ინფორმაციის გავრცელების წყაროსთან და მიზნებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებაში.