წნორში 44 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ვაჟა სომხიშვილი მეუღლესთან ერთად მდინარე ალაზანზე სათევზაოდ იმყოფებოდა, მოგვიანებით გაუჩინარდა, ძებნის შემდეგ კი მის ცხედარს სამაშველო სამსახურმა მიაგნო. გარდაცვლილის მეუღლის თქმით, ცხედარს თავის არეში, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით ჰქონდა დაზიანება მიყენებული.
“ყოველ დილა სათევზაოდ დავდიოდით. ალაზანზე ვიყავით, მეუღლემ მითხრა, მეორე ნაპირზე გადავალო, მას შემდეგ გაუჩინარდა, ძებნა დავიწყე, მაშველები გამოვიძახეთ. მალევე იპოვეს, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო. მას, სავარაუდოდ, თავში ჩარტყმული აქვს რკინა, სულ სისხლიანი იყო, არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია. პოლიციამ დამკითხა და იმედი მაქვს, მკვლელს დაიჭერენ”, – განაცხადა ტატიანა მელინკოვამ.
გარდაცვლილის ძმა კი აცხადებს, რომ ლაგოდეხის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის დროს ოჯახის წევრებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მათთვის სასურველი ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. ზურაბ დავითაშვილი მისი ძმის მკვლელის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპროტესტო აქციას აანონსებს.
“ჩემი ძმა არის მოკლული, პოლიციას ჩვენი ეჭვები ვუთხრით, მაგრამ ისინი დაკითხვაზე მიყვანილ ჭირისუფალს აიძულებდნენ, მათთვის სასურველი ჩვენება მიეცა, რისთვისაც ფიზიკურადაც შეეხნენ. მე კი მითხრეს ამგვარი ძალადობის მეთოდებით ვმოქმედებთ, რომ სიმართლე დავადგინოთო. ვითხოვ მკვლელის დასჯას, გამოიძიონ და ნუ ცდილობენ დამალვას”, – აღნიშნა დავითაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.