ახალი ამბები

მაჩალიკაშვილები თემირლანის ჩატაევთან კავშირის დამადასტურებელი ფაქტის გასაჯაროებას ითხოვენ

ამერიკელი ექსპერტების მიერ თემირლანის ტელეფონის შესწავლის დასრულების შემდეგ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა არაფერს ცვლის და ის ვერც თემირლან მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივ ქმედებას ადასტურებს. 
თემირლან მაჩალიკაშვილის დედის, მედიკო მაჩალიკაშვილის განცხადებით, ოჯახს ტელეფონის ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით ამ დრომდე არავისთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ და ინფორმაცია მათ მხოლოდ მედიასაშუალებებიდან აქვთ. 
„სანამ თემირლანის ტელეფონს ექსპერტიზაზე გაგზავნიდნენ, შვილი მანამდე მომიკლეს, ტელეფონში რა იყო, რა ზარები და საუბრები იყო, რა იცოდნენ? ან რა საუბარია მანდ ისეთი, რაზეც თემირლანის დადანაშაულება შეიძლება?! თემირლანი ჩატაევს არ იცნობდა და ვერც დაელაპარაკებოდა, რადგან თემირლანმა არ იცოდა არც ჩეჩნური და არც რუსული. მას ან ქართულად უნდა ესაუბრა, ან ქისტურად. თემირლანს ტელეფონის ორი ნომერი ჰქონდა და არც ერთი ნომერი არ ემთხვევა იქ აღნიშნულ ნომერს. მომასმენინონ მისი საუბარი ჩატაევთან. ჩანაწერიდან მე კარგად გამოვიცნობ ჩემი შვილის ხმას ან გაასაჯაროონ საუბარი, ან მიმოწერა და თუ აღმოჩნდება, რომ ჩემი შვილს ჩატაევთან ან მის დაჯგუფებასთან კავშირი ჰქონდა, მათი ხელშემწყობი და დამფინანსებელი იყო, ხმის ამომღები აღარ ვარ“, – განუცხადა “პირველ არხს” მედიკო მაჩალიკაშვილმა.
მისივე თქმით, თემირლანი მართლაც ცხოვრობდა ვარკეთილში, რამაზ მარგოშვილის მიერ ნაქირავებ სახლში და ქირა ბინის მეპატრონეს ორჯერ გადასცა.
„​​როცა თემირლანი კოლეჯში სწავლობდა, რამაზ მარგოშვილის სახლში დავტოვეთ საცხოვრებლად სამი-ოთხი თვე. მეზობლები ვართ, ნათესავები და ქირა ორჯერ, ერთხელ სხვისი ხელით გამოუგზავნა თემირლანს ბინის მეპატრონესთან გადასაცემად და ერთხელაც თავად მოუტანა. რომ თბილისში წაეღო. გადმორიცხული ფული თემირლანს არასდროს, არც რამაზ მარგოშვილისგან და არც არავისგან არ ქონია“, – ამბობს თემირლან მაჩალიკაშვილის დედა.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში ორ კვირიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.