ახალი ამბები

თელავში ძველი წელთაღრიცხვის II-I ათასწლეულის სამარხი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა სამარხში ადამიანის ჩონჩხის ნაწილებს, რკინის დანასა და თიხის საყოფაცხოვრებო სამარხეულ ჭურჭელს მიაკვლიეს.
ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკა თუშაბრამიშვილის ვარაუდით, სამარხი იმ ეპოქის წარჩინებულ მეომარს ეკუთვნის. 
„იმის თქმის საფუძველს, რომ შესაძლოა, სამარხი წარჩინებულ მეომარს ეკუთვნოდეს, აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთების დიდი რაოდენობა გვაძლევს. ადამიანის ძვლები მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ ქართული გენეტიკის კვლევის კომისიას და მედიცინის ისტორიის მუზეუმს გავუგზავნეთ, მათი დასკვნის შემდეგ, ზუსტად გვეცოდინება დეტალები”,- განაცხადა თუშაბრამიშვილმა.
თელავში აღმოჩენილი სამარხის ტერიტორიაზე სამაროვანის და დასახლებების სავარაუდო არსებობის დასადგენად, დაზვერვითი სამუშაოები გაგრძელდება, რომლის დასრულების შემდეგ არქეოლოგიური გათხრები უფრო მასშტაბურად ჩატარდება. აღმოჩენილი მასალა თელავის ისტორიულ მუზეუმს გადაეცემა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტო