გენდერული ნიშნით დაზარალებული ქალების დასახმარებლად თელავში პროექტი დაიწყო
დოკუმენტის ფარგლებში თელავის ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკაში საპილოტე პროექტი განხორციელდება. პროექტის მიზანი ქალთა და გოგონათა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის დროული გამოვლენის, მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველსაყოფა იქნება.
ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკის კლინიკური მენეჯერის, ეკატერინე ონიკაძის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სამედიცინო დაწესებულების ბაზაზე ექიმები გადამზადდებიან ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს მსხვერპლთა გამოვლენას, მათთვის მხარდამჭერი ღონისძიებების დროულ და ეფექტიან გატარებას.
“აუცილებელია ფაქტის გამოვლენა და დროული რეფერირება, ასევე მნიშვნელოვანია მსხვერპლთა დახმარება. ამ პროექტის ფარგლებში შემუშავდა დოკუმენტაცია, შეიქმნა გაიდლაინი და კლინიკაში მომუშავე ყველა კადრი გადამზადდა, რომლებსაც სერტიფიკატები გადავეცით. პროექტის ფარგლებში ეტაპობრივად გადამზადდებიან სხვა თანამშრომლებიც’’,- განუცხადა knews.ge-ს ეკატერინე ონიკაძემ.
ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“ პროგრამის კოორდინატორი თამარ ბორცვაძე აცხადებს, რომ პროექტის ფარგლებში შემუშავდა სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (სოპ) ქალისა მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის გამოვლენის, მკურნალობის პრინციპებისა და რეფერალის საკითხებზე და შესაბამისი დოკუმენტირების ფორმები, რომელიც ეყრდნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სახელმძღვანელო მითითებებს.
,,ძალიან დიდია ჯანდაცვის პერსონალის როლი და პასუხისმგებლობა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების ამოცნობის, მათი დოკუმენტირებისა და მართვის კუთხით. ექიმებს შეუძლიათ ითამაშონ მნიშვნელოვანი როლი ძალადობის უფრო სერიოზული ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური შედეგების პრევენციის უზრუნველსაყოფად. პროექტის ფარგლებში შემუშავებული სახელმძღვანელო მითითებები გულისხმობს, როგორ უნდა ამოიცნოს პერსონალმა ძალადობის მსხვერპლები, როგორ შეიძლება გაანალიზონ სიტუაცია, დაეხმარონ მსხვერპლს და შემდეგ თუ საჭირო იქნება მიაწოდონ ინფორმაცია შესაბამის სამსახურებს რეაგირებისთვის. ეს არის უპრეცედენო პროექტი რომელიც აქამდე საქართველოს არცერთ კლინიკაში არ განხორციელებულა’’,- აღნიშნა Knews.ge-სთან საუბრისას თამარ ბორცვაძემ.
მისი თქმით, საპილოტე პროექტის შედეგების გაანალიზების საფუძველზე 2019 წლიდან აღნიშნული სისტემა და პროცედურები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება და გავრცელდება.