სააპელაციო სასამართლომ პანკისელ ნუგზარ ქავთარაშვილს 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
მას გამოძიება ედავება ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენას, შენახვასა და ტარებას. სასამართლოში ქავთარაშვილის ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი იცავს. ადვოკატი ქეთი ჩუთლაშვილი მოსამართლე მაკა გორგოძის განაჩენის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
„ნუგზარ ქავთარაშვილის მიმართ პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი განაჩენი არსებითად ემყარებოდა 4 პოლიციის თანამშრომლის ჩვენებას და საქმეში ფაქტობრივად არ არსებობდა ამ ჩვენებების გარდა სხვა მტკიცებულებები. პოლიციის თანამშრომლები განიხილებიან დაინტერესებულ პირებად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტით და მხოლოდ და მხოლოდ ამ ოთხ ჩვებნებაზე განაჩენის დაყრდნობა ბუნებრივია არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების სტანდარტს“, – განაცხადა „რუსთავი 2“-თან საუბრისას ქეთი ჩუთლაშვილმა.
სამართალდამცავებმა ნუგზარ ქავთარაშვილი 2016 წლის 2 აგვისტოს თბილისში დააკავეს. როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულის ავტომობილისა და პირადი ჩხრეკისას ამოიღეს მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, კერძოდ, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი (8 ვაზნით), “კალაშნიკოვის” ფირმის ავტომატური იარაღი (28 ვაზნით) და ერთი ხელყუმბარა.
33 წლის ნუგზარ ქავთარაშვილის დაკავება ნათესავებმა და ახლობლებმა სოფელ დუისში აქციით გააპროტესტეს და მისი გათავისუფლება მოითხოვეს. მათი მტკიცებით, ქავთარაშვილს სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღი ავტომანქანაში ჩაუდეს.
ტელეკომპანია “რუსთავის 2”-ის ფოტო