ლაგოდეხში ევროპის დღე აღნიშნეს
ღონისძიება ლაგოდეხის ტყე-პარკის ტერიტორიაზე გაიმართა და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ღონისძიებაში მონაწილეობა ევროკავშირის პროგრამებმა და პროექტებში ჩართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საინიციატივო ჯგუფებმა, მეწარმეებმა და და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ორგანიზაციის „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერი, ჯუბა მარუაშვილი აცხადებს, რომ რეგიონებში ევროპის დღეების ჩატარება და მასში არასამთავრობოების და პროექტის ბენეფიციარების მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვანია, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას.
,,უკვე მესამე წელია ლაგოდეხში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს სოფლის განვითარების პროგრამის განხორციელება და გადაწყვეტილება, რომ ევროპის დღეები აქ გამართულიყო, მეტყველებს იმაზეც, რომ სოფლის განვოთარების პროცესმაც ამაში თავისი წვლილი შეიტანა. ბევრი ადამიანი დაესწრო ღონისძიებას, რაც სასიხარულოა. მნიშვნელოვანია, ყველამ დაინახოს ის სიკეთეები და შესაძლებლობები, რომლებსაც ევროკავშირი ჩვენთვის იღებს. ფესტივალზე წარმოდგენილები იყვნენ ის ორგანიზაციები, რომლებიც ევროკავშირის დახმარებით სხვადასხვა ტიპის აქტივობას ახორციელებენ, უმთავრესად გამოვყოფდი სოფლის განვითარებიის პროგრამის ნაწილს. ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო, მიეღო ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომელიც ენპარდის ფარგლებშია მხარდაჭერილი და გაეგოთ იმ სიკეთეების შესახებ, რასაც ევროკავშირი ახორციელებს“, – განუცხადა knews.ge-ს ჯუბა მარუაშვილმა.
საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელის, გიორგი ბოკერიას თქმით, აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება ევროპული ღირებულებების, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
,,მოსახლეობის ინფორმირების კუხით მივიღეთ ამ ღონისიებაში მონაწილეობა, მოსახლეობას მივაწოდეთ ინფორმაცია ევროპის, ევროპული ღირებულებების, თავისუფალი ვაჭრობის და სხვა მნიშვნელოვანი პროგრამების და სიკეთეების შესახებ, რომელსაც ევროკავშირი სთავაზობს საქართველოს. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია ამ კუთხით აქტიურად მუშაობს‘’,- აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას გიორგი ბოკერიამ.
ევროკავშირის დღეები საქართველოში წელს მეექვსედ იმართება. ევროპის დღეების მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებაა.