კურორტ ახტალაზე 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, კურორტის ტერიტორიაზე დაგეგმილია 120 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსი, ღია და დახურული ტიპის აუზებით, რესტორნებით, სარეაბილიტაციო/ გამაჯანსაღებელი ცენტრებით, ეზოს გამწვანებით, გარე განათებით, ავტოსადგომით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნითა და არსებული თანამშრომლების შენარჩუნებით.
არჩილ ხანდამაშვილის თქმით, ახტალას აუქციონში არაბულმა კომპანიამ შპს “გლობალ ვიქთორი ჯორჯიამ” გაიმარჯვა. კომპანიამ 3 მილიონ 760 000 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს და 48 თვის განმავლობაში მინიმუმ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
,,ინვესტორი დაინტერესებულია გურჯაანში შექმნას კომპლექსური საკურორტო ზონა, რომელიც გახდება საერთაშორისო მიზიდულობის ცენტრი და შიდა ტურისტების გარდა, უმასპინძლებს სტუმრებს სხვადასხვა ქვეყნიდან. აუქციონის პირობების მიხედვით, „ახტალას“ ტერიტორიაზე არსებული პარკი არ გადაეცემა ინვესტორს და რჩება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სარგებლობაში, თუმცა მასზე მზრუნველობისა და მოვლა-პატრონობის სრულ ხარჯებს ინვესტორი გაიღებს’’,– განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.