სატყეო სააგენტო მოსახლეობას ტყეში უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს
უწყების ინფორმაციით, მათ საქართველოს მასშტაბით, ხანძარსაშიშ უბნებსა და იმ ტერიტორიებზე, რომლებიც განსაკუთრებით დატვირთულია ტურისტულ სეზონზე, საინფორმაციო-გამაფრთხილებელი ნიშნები დაამატა.
,,სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.
ტყის ფონდის დანარჩენ ტერიტორიაზე ხანძრის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას. ზაფხული მაღალი ტემპერატურის გამო განსაკურებით ხანძარსაშიში პერიოდია. სტატისტიკის მიხედვით, ამავდროულად, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რომელმაც შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიწვიოს. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე”,- განუცხადეს knews.ge-ს ეროვნულ სატყეო სააგენტოში.