თელავში აღმოჩენილ არქეოლოგიურ ნაშთებს მოწვეული სპეციალისტები გამოიკვლევენ
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილებაში აცხადებენ, რომ თელავში, ლაღიძის ქუჩა #37-ში მდებარე კერძო სასტუმროს ეზოში, სამშენებლო სამუშაოებისას შემთხვევით აღმოაჩინეს აგურით ნაშენი მცირე ნაგებობის ნაშთები. უწყების ცნობით, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა პირველადი დათვალიერების სამუშაოები, ხოლო დეტალურად მოწვეული სპეციალისტები გამოიკვლევენ.
,,ნაგებობა, სავარაუდოდ, წარმოადგენს XVII-XVIII საუკუნეების კერამიკის გამოსაწველ ქურას. იქვე აღმოჩნდა დიდი ზომის ქვევრის ფრაგმენტები და მოხატული ჭურჭლის ნატეხი. ინფორმაცია გადავეცით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, რის შემდეგაც უახლოეს მომავალში მოწვეული სპეციალისტები არქეოლოგიურ ნაშთებს შეაფასებენ და გამოიკვლევენ”, – განუცხადეს knews.ge-ს თელავის მერიაში.