თელავში აგრარული მიმართულების ახალი პროფესიული კოლეჯი დაფუძნდება
გერმანელი პარტნიორების ჩართულობით კოლეჯის დაფუძნების პერსპექტივაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ბავარიის მევენახეობის სახელმწიფო ინსტიტუტისა და GIZ-ის წარმომადგენლებმა გუშინ გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. როგორც knews.ge-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, წამყვანი მიმართულება ღვინის წარმოებისთვის მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსის მომზადება იქნება.
“ამ კუთხით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბავარიის მევენახეობის სახელმწიფო ინსტიტუტთან აქტიურად ითანამშრომლებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართულ-გერმანული მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე საქართველოში პროფესიული განათლების სამომავლო განვითარებასაც. შეხვედრის ბოლოს გადაწყდა, რომ გერმანელი პარტნიორები უახლოეს პერიოდში შეისწავლიან თელავის უნივერსიტეტის რესურსს, რისი გათვალისწინებითაც განისაზღვრება პროფესიული სასწავლების დაარსების სამოქმედო გეგმა და ვადები”, – განუცხადეს knews.ge-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.