მიწისძვრას კახეთში ნგრევა არ გამოუწვევია
სეისმური მონოტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ყველაზე მეტად საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში იგრძნობოდა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.
,,მიწისძვრას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნგრევა და ზიანი არ გამოუწვევია. ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები შესაბამის მონიტორინგს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ. მიწისძვრის შედეგად გამოწვეული მატერიალური ზიანის შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მოქალაქეთა მომსახურეობის განყოფილებაში ამ მომენტისთვის არცერთი განცხადება შემოსული არ არის’’,- განუცხადეს knews.ge-ს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში.
მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზარალი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეც არ ფიქსირდება.
,,გუშინ გვიან ღამის შემდეგ მერის წარმომადგენლები აქტიურად ეცნობოდნენ სოფლებში არსებულ სიტუაციას. ასევე დავინტერესდით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლების მდგომარეობითაც. საბედნიეროდ მიწისძვრას ზიანი არ გამოუწვევია. მერის წარმომადგენლები აგრძელებენ მუშაობას და მე მათთან ხშირი კომუნიკაცია მაქვს’’,- განუცხადა Knews.ge-ს საგარეჯოს მერმა, გიორგი ერბოწანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, დაფიქსირდა.